Focus Verify – მომხმარებლის იდენტობის ვერიფიკაციის ქართული პლატფორმა ბიზნესებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საკუთარი მომხმარებლების იდენტობის ვერიფიკაცია მნიშვნელოვანი პროცესია ნებისმიერი კომპანიისთვის. ეს არის როგორც ტექნიკური აუცილებლობა, ასევე ბიზნესის უსაფრთხო და წარმატებული ფუნქციონირების გარანტი. ეს ეხება არა მხოლოდ ისეთი სფეროებს, როგორიცაა ფინანსური ტექნოლოგიები, კრიპტოვალუტები და საბანკო საქმე, არამედ ნებისმიერი ტიპის ბიზნესს, რომელსაც საკუთარი მომხმარებლების დოკუმენტების ან იდენტობის ვალიდურობის ზუსტი და სწრაფი დადგენა სჭირდება.
ვერიფიკაციის პროცესი უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და საიმედოობის მაღალ სტანდარტებს. ის იცავს კომპანიებს თაღლითობისა და უკანონო ოპერაციებისგან, რითაც ხელს უწყობს მომხმარებელთა მონაცემებისა და მათი ინფორმაციის დაცვას. ამგვარი სისტემის გარეშე ორგანიზაციებს, შესაძლოა უდიდესი ფინანსური და რეპუტაციული ზიანი მიადგეს.
სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ ლუკა ლომსაძემ თანადამფუძნებლებთან – გიორგი რომანაძესა და ნიკა ყოლბაიასთან ერთად ქართული იდენტობის ვერიფიკაციის პლატფორმა, Focus Verify შექმნა, რომელიც ბიზნესს თანამედროვე და საიმედო გადაწყვეტილებებს სთავაზობს და, ამავდროულად, საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს როგორც მომხმარებელთა, ასევე საკუთარი მონაცემების უსაფრთხოება.
Focus Verify-ს მთავარი მიზანია, გაამარტივოს მომხმარებლის ვერიფიკაციის კომპლექსური პროცესი და გახადოს ის ხელმისაწვდომი ყველა ზომის ორგანიზაციისთვის.
ლუკა ლომსაძე:
"ფინტექ/კრიპტო/ბანკინგ სექტორებში მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში ვამჩნევდი ყველა იმ დაბრკოლებებს, რაც იდენტობის ვერიფიკაციის პლატფორმებს ახასიათებდა. ამას შემდეგ მოჰყვა 30-მდე კომპანიის წარმომადგენელთან ინდივიდუალური გასაუბრება მომხმარებლის ვერიფიკაციის პროცესის პრობლემური ასპექტების გასარკვევად. აღმოჩნდა, რომ კომპანიებისთვის ისინი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მეგონა – ამიტომ თანადამფუძნებლებთან ერთად გადავწყვიტე ამ პრობლემას შევჭიდებოდი და შეგვექმნა ქართული იდენტობის ვერიფიკაციის პლატფორმა – Focus Verify. არსებული ბაზარი გაჯერებულია კონკურენციითა და სირთულეებით, თუმცა ჩვენ შევქმენით და ვაუმჯობესებთ იმ პროდუქტს, რომელიც კომპანიების მოთხოვნებს ზუსტად უმიზნებს და არის კონცეტრირებული ისეთ მთავარ დეტალებზე, რომელიც კომპანიებისთვის საკუთარი მომხმარებლების იდენტობის ვერიფიკაციას გაამარტივებს".
Focus Verify გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც უზრუნველყოფს როგორც კომპანიის მომხმარებლების იდენტობის უსაფრთხოებას, ასევე ოპერაციულ ეფექტურობას. პლატფორმა საშუალებას აძლევს ბიზნესებს, შეამცირონ თაღლითობის მაჩვენებელი, ხოლო მომხმარებლების ვერიფიკაციის პროცესი 90 წამზე ნაკლებ დროში დასრულდეს. Focus Verify-ს შეუძლია დაამუშაოს 850-ზე მეტი ტიპის დოკუმენტი, მათ შორის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობები და ა.შ.
პლატფორმის ძირითად უპირატესობებს შორისაა 3D Liveness შემოწმება, რომელიც მომხმარებლის 2-წამიანი ვიდეოსელფის საფუძველზე მისი იდენტობის ნამდვილობას ადგენს. Focus Verify-ს დოკუმენტების სკანირების ფუნქცია სწრაფად და ზუსტად აგროვებს საჭირო ინფორმაციას, რაც მომხმარებლის ონბორდინგის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
ინოვაციური ბლოკჩეინ ინტეგრაცია კი პარტნიორ კომპანიებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ Web3 ფუნქციონალი, ვერიფიკაციის პროცესში ინსენტივების შესათავაზებლად, რითაც მომხმარებლები ვერიფიკაციის დასრულებისთვის კრიპტოვალუტით ჯილდოვდებიან, რაც მათ ჩართულობასა და მოტივაციას ზრდის. აღსანიშნავია, რომ განსხვავებით სხვა მსგავსი პლათფორმებისგან, Focus Verify-ს არ გააჩნია არანაირი ინტეგრაციის საფასური. ყველაფერი სრულად არის მორგებული კომპანიაზე რათა მათ მარტივად შეძლონ პლატფორმის გატესტვა, ინტეგრაცია და გამოყენება.
როგორც Focus Verify-ს დამფუძნებელი განმარტავს, გუნდისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ბაზარზე ახალი მოთამაშის პოზიციონირება იყო, სადაც უკვე დამკვიდრებული მსხვილი გლობალური ბრენდები მოქმედებდნენ. რთული აღმოჩნდა ყურადღების მიპყრობა და იმის დამტკიცება, რომ ახალ კომპანიასაც შეეძლო კონკურენტუნარიანობის მაღალი დონის შენარჩუნება. ამ გამოწვევის გადასალახად გუნდმა ორი ძირითადი მიმართულება აირჩია.
პირველი – მათ ტექნოლოგიური უპირატესობა წარმოაჩინეს, დაამტკიცეს, რომ მათი სისტემა უფრო სწრაფი, მოქნილი და მომხმარებელზე მორგებული იყო, ვიდრე უამრავი ძველი, არსებული გადაწყვეტილება.
მეორე – Focus Verify-მ მომხმარებლებს აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ ბიზნესის სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინება, რაც ხშირად დიდ კონკურენტებს უჭირთ.
"საბოლოოდ სწორედ ეს გამოგვარჩევს: იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებსაც სხვა სტანდარტული გადაწყვეტილებები ვერ ეხებიან. თავიდან ეს შეუძლებლად გვეჩვენებოდა, მაგრამ დღეს უკვე ჩვენი მთავარი უპირატესობაა. ეს არის ჩვენი მთავარი ინსპირაციაც – მოტივაციას გვაძლევს ის გზავნილი, რომ პატარა გუნდსაც შეუძლია დიდი საქმეების გაკეთება. სწორედ ეს შეგრძნება გვიბიძგებს, ყოველდღე ვცადოთ ის, რაც გუშინ შეუძლებლად მიგვაჩნდა", – აღნიშნავს ლუკა ლომსაძე.
რაც შეეხება Focus Verify-ს სამომავლო განვითარების ხედვას, გუნდის მთავარი მიზანი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ბაზარზე თავის დამკვიდრებაა – როგორც სანდო და ინოვაციური იდენტობის ვერიფიკაციის სერვისის მიმწოდებლის. პარალელურად, ისინი ახალი პროდუქტების განვითარებაზე მუშაობენ, რათა ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით პარტნიორ კომპანიებს უნიკალური სერვისები შესთავაზონ.
გარდა ამისა, გუნდს სურს შექმნას სრული ე.წ. RegTech გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიებს საშუალებას მისცემს, Focus Verify-ს მეშვეობით ერთ სივრცეში სრულად მართონ AML და მარეგულირებელი შესაბამისობის პროცესები. აღნიშნული პროდუქტი ხელს შეუწყობს ბიზნესპროცესების გამარტივებასა და რეგულაციების მოთხოვნების დაცვას.