"ექსპერიმენტორიუმი" - ინტერაქტიული და სამეცნიერო მუზეუმი თბილისში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
პირველი ინტერაქტიული და სამეცნიერო მუზეუმი "ექსპერიმენტორიუმი" თბილისში 2016 წლის 1 ოქტომბერს დაარსდა. მუზეუმში წარმოდგენილია 70-მდე ექსპონატი, რომელიც ფიზიკის კანონების თვალსაჩინოებას ახდენს და შესაძლებელია მათი საკუთარ თავზე გამოცდა.
მუზეუმის ისტორიაზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე Entrepreneur-ი მუზეუმის აღმასრულებელ დირექტორს, ელენე ბაბაკიშვილსა და მუზეუმის შემოქმედებით დირექტორს, სოფიკო ბიგვავას ესაუბრა.
გვიამბეთ, როგორ გაჩნდა მუზეუმის შექმნის იდეა და რა იყო პირველი ნაბიჯი, რაც ამ იდეის რეალობად ქცევაში დაგეხმარათ?
ელენე ბაბაკიშვილი: გვინდოდა შეგვექმნა ისეთი სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა შემეცნებისა და გართობის შეთავსება. სადაც ბავშვები არაფორმალურ გარემოში, პრაქტიკისა და დაკვირვების საფუძველზე, STEM-ის, კერძოდ, ფიზიკისა და ქიმიის მიმართულებით, ცოდნის გაღრმავებასა და მისი სახალისო მეთოდებით შესწავლას შეძლებდნენ.
პირველი ნაბიჯი იყო იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც ამ მიმართულებით უკვე დიდი ხანია არსებობს როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში, და ამ გამოცდილების ადგილობრივ მოთხოვნასა და ბიზნესგარემოზე მორგება. ვფიქრობთ, გამოწვევას თავი სათანადოდ გავართვით და დღეს ქალაქში ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი, სამეცნიერო სივრცე გვაქვს.
რას წარმოადგენს თავად მუზეუმი, რა სახის ექსპონატებია წარმოდგენილი და რით არის გამორჩეული?
ელენე ბაბაკიშვილი: მუზეუმის ყველა ექსპონატი ხომ ინტერაქტიულია, რაც ნიშნავს იმას, რომ მათთან შეხება და გამოცდა არათუ ნებადართული, არამედ აუცილებელიცაა! ფიზიკის ინტერაქტიული ექსპოზიციის გარდა, "ექსპერიმენტორიუმში" წარმოდგენილია ქიმიის ლაბორატორია, სადაც ქიმიური ცდები მარტივი, ყველასათვის გასაგები ენითა და სახალისო მეთოდებით ტარდება. ისევე როგორც ფიზიკის საგამოფენო სივრცე, ქიმიური ცდებიც ინტერაქტიული ხასიათისაა და დაცულია უსაფრთხოების ნორმები.
რა ასაკის სტუმრებისთვისაა განკუთვნილი არსებული სივრცე და ვინ უნდა დაინტერესდეს თქვენთან სტუმრობით?
ელენე ბაბაკიშვილი: ჩვენი მუზეუმი გათვლილია სტუმრებზე 3 წლიდან, თუმცა ესეც პირობითია, რადგან ხშირად ვამბობთ, რომ მუზეუმის დამთვალიერებლების ასაკობრივი ზღვარი შეზღუდული არ არის - აქ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისთვის საინტერესო სივრცე და აქტივობა აღმოაჩინოს.
როგორია მუზეუმში სტუმრობის პროცესი და რა აქტივობები ტარდება?
სოფიკო ბიგვავა: მუზეუმში შეგიძლიათ გვესტუმროთ როგორც ინდივიდუალურად, ისე ოჯახებით, ასევე, სკოლისა და ბაღის ჯგუფებით. ჩვენთან სტუმრობის მსურველებმა აუცილებელია ვიზიტამდე მათთვის სასურველი დრო დაჯავშნონ და ამის შემდეგ გვეწვიონ.
"ექსპერიმენტორიუმში" მოსულ დამთვალიერებლებს ვთავაზობთ ექსკურსიას მუზეუმში, რაც გიდის დახმარებით ფიზიკის ინტერაქტიული ექსპონატების გაცნობასა და მათ საკუთარ თავზე გამოცდას გულისხმობს.
მუზეუმში არსებულ ქიმიის ლაბორატორიაში კი შეგიძლიათ ცდები და ექსპერიმენტები ჩაატაროთ თხევადი აზოტითა და ქიმიური რეაქტივების გამოყენებით. ყველაზე ცივი და ორთქლიანი ბურბუშელა დააგემოვნოთ, ყვავილები გაყინოთ და დაამსხვრიოთ, შუაგულ თბილისში "ეგვიპტური დაღამების" მონაწილენი გახდეთ და სპილოსთვის ყველაზე დიდი "სპილოს კბილის პასტა" დაამზადოთ.
ჩვენთან ყველაზე განსხვავებული, გადარეული და მეცნიერული დაბადების დღის გადახდაც შესაძლებელია, სადაც თავს ნამდვილ მეცნიერებად იგრძნობთ.
მუზეუმი ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10-დან 7 საათამდე მუშაობს. თუმცა, დაბადების დღის აღნიშვნის შემთხვევაში, "ექსპერიმენტორიუმი" ბოლო სტუმრის წასვლამდე იმუშავებს.
რომელია ბავშვებისთვის ყველაზე პოპულარული და საყვარელი აქტივობა, და როგორ ფიქრობთ, რატომ?
სოფიკო ბიგვავა: რა თქმა უნდა, აზოტის შოუ და განსაკუთრებით, ამ შოუს ორი მთავარი ელემენტი - აზოტიანი ბურბუშელასა და აზოტის აფეთქების მომენტი. ბურბუშელას მირთმევის დროს ბავშვები პატარა "დრაკონებად" გადაიქცევიან, რადგან ცხვირიდან და პირიდან ბოლის გამოშვება შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ამ ცდას "დრაკონის სუნთქვასაც" უწოდებენ. აფეთქების დროს კი გიგანტურ, თეთრ ღრუბელში ეხვევიან, რომელიც საკმაოდ ცივია.
რამდენად არის დაცული უსაფრთხოების სტანდარტები ბავშვებისა და სხვა სტუმრებისთვის?
ელენე ბაბაკიშვილი: მოგეხსენებათ, ჩვენთან მომუშავე გიდები არიან ქიმიკოსები, რომლებმაც ლაბორატორიული უსაფრთხოების ნორმები უმაღლეს დაწესებულებებში გაიარეს. ასევე, მუზეუმში მუშაობის დაწყებამდე, ისინი შესაბამის გადამზადებას კიდევ ერთხელ გადიან.
რაც შეეხება ქიმიურ ცდებსა და მასში გამოყენებულ ნივთიერებებს, ისინი იმგვარადაა შერჩეული, რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის და მათთან შეხება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გვაქვს. ამდენად, მუზეუმში ჩატარებული ყველა ცდა არის აბსოლუტურად უსაფრთხო ნებისმიერი ადამიანისთვის.
როგორ აბალანსებთ საგანმანათლებლო და გასართობ ღონისძიებებს?
ელენე ბაბაკიშვილი: ყველა პროგრამა, რომელსაც მუზეუმში მოსულ დამთვალიერებლებს ვთავაზობთ, არის საგანმანათლებლო. თუმცა ინფორმაციის მიწოდების ხერხი არის მარტივი და სახალისო, რაც საშუალებას გვაძლევს, ეს ორი კომპონენტი დავაბალანსოთ და შევქმნათ როგორც შემეცნებითი, ასევე გასართობი სივრცე.
თანამშრომლობთ თუ არა რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ან სამომავლოდ ხომ არ აპირებთ?
ელენე ბაბაკიშვილი: რა თქმა უნდა, ვთანამშრომლობთ, ვინაიდან ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი აუდიტორია არის თბილისისა და რეგიონის სკოლები, ასევე სხვადასხვა დაწესებულება, რომლებიც STEM განათლების მიმართულებით მუშაობენ. ისინი მუდმივად გვსტუმრობენ და ამგვარად, სკოლაში მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკული, თვალსაჩინო მაგალითებით იმყარებენ. რაც შეეხება სამომავლო ურთიერთობებს, ჩვენ ძალიან გვიყვარს ახალი მეგობრების გაცნობა-შეძენა და მათთან ერთად საინტერესო აქტივობების დაგეგმვა, რომელიც იქნება ორმხრივად სასარგებლო და საინტერესო.
გარდა საგანმანათლებლო ექსკურსიებისა, რა ტიპის ღონისძიებებს მასპინძლობს "ექსპერიმენტორიუმი"?
სოფიკო ბიგვავა: ექსკურსიისა და ქიმიური ცდების გარდა, სამეცნიერო მუზეუმში ტარდება სხვადასხვა სახის საგანამანათლებლო პროგრამა სკოლისა და ბაღის მოსწავლეებისთვის: ქიმიური სტარტები, მეცნიერული კულინარიისა და საპნის მასტერკლასები, თემატური ქვესტები, როგორიცაა ჰარი პოტერი, დედამიწის გადარჩენა, შერლოკ ჰოლმსი.
როგორც უკვე გითხარით, "ექსპერიმენტორიუმში" შესაძლებელია დაბადების დღის აღნიშვნა, კორპორაციული და სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩატარება. ჩვენთან შესაძლებელია პრეზენტაციების მოწყობა.
მაგალითად, ამ მიმართულებით გამომცემლობა "დიოგენესთან" ვთანამშრომლობდით. წიგნის "ფუკოს ქანქარას" პრეზენტაცია ჩვენს მუზეუმში მოეწყო. ხოლო, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, გამომცემლობა "არტანუჯმა" საბავშვო სერიის "პატარა ადამიანები დიდი ოცნებებით" წიგნის "ნიკოლა ტესლა" პრეზენტაციისთვის ჩვენი მუზეუმი შეარჩია.
მუზეუმი დაინტერესებულ პირებს, სკოლებსა და კომპანიებს, მეცნიერულ გასვლით პროგრამებსაც სთავაზობს, რომლის შეკვეთაც შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით.
რა არის იდეა, რომელიც გსურთ საზოგადოებას ამ მუზეუმით დაანახვოთ?
ელენე ბაბაკიშვილი: გვინდა საზოგადოებას დავანახვოთ ფიზიკისა და ქიმიის ის დაფარული და ძალიან საინტერესო, ამავე დროს სახალისო მხარე, რომელიც ზოგჯერ სკოლაში ნაკლებად ჩანს და ხშირ შემთხვევაში, სწორედ ესაა მიზეზი, რომ ბავშვები სამეცნიერო დარგებით ნაკლებად ინტერესდებიან და სამომავლო პროფესიად არ ირჩევენ.
ასევე, გვინდა ვაჩვენოთ, რომ მეცნიერება ჩვენს ყოველდღიურობაში ძალიან დიდ როლს ასრულებს და ცხოვრებაში ამ საგნებთან იმაზე ხშირად ვურთიერთობთ, ვიდრე წარმოგვიდგენია. ჩვენი მიზანია, საქართველოში STEM-ის მიმართულებას პოპულარიზაცია გავუწიოთ და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ.
უახლოესი გეგმებისა და ღონისძიებების შესახებ რას გვეტყოდით?
სოფიკო ბიგვავა: დეკემბრიდან სასკოლო ჯგუფებსა და ინდივიდუალურ დამთვალიერებლებს შევთავაზებთ საახალწლო პროგრამას, რომელიც ტრადიციულად შემეცნებით-გასართობი იქნება. პროგრამა მოიცავს ჰარი პოტერის ქვესტს, აზოტის შოუსა და რა თქმა უნდა, საჩუქარს, რის გარეშეც ახალი წელი წარმოუდგენელია. ასე რომ, ნოემბრიდან უკვე შეგიძლიათ, თქვენი შვილებისთვის ჰოგვორტსის ექსპრესზე ადგილი დაჯავშნოთ და ამ ჯადოსნურ მოგზაურობაში შემოგვიერთდეთ.
აპირებთ თუ არა მუზეუმში დამატებითი სივრცეების ან თავად მუზეუმის სხვა ქალაქებში გახსნას?
ელენე ბაბაკიშვილი: სამომავლოდ მუზეუმის გახსნას ბათუმში ვისურვებდით. ამ მიმართულებით არაერთი მცდელობა გვქონდა და ჩვენი გულშემატკივრებიც მოუთმენლად გველიან. თუმცა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, ჩვენი რეალობა და მოლოდინები მუდმივად იცვლება. არასტაბილური ბიზნესგარემო უარყოფითად აისახება არა მარტო ჩვენი, არამედ ზოგადად ბიზნესის განვითარებაზე. ვიმედოვნებთ, ამ გამოწვევასაც ღირსეულად გავუძლებთ და გვექნება შესაძლებლობა, ჩვენი ჩანაფიქრი წარმატებით განვახორციელოთ.