Dromory – საუკეთესო მოგონებების შენახვა ორიგინალურ ფორმატში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მოგონებებს თითოეული ჩვენგანი განსხვავებულად ინახავს, თუმცა ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინსტრუმენტი ასეთ დროს ფოტოსურათები და ვიდეოკადრებია. სწორედ მსგავსი ძვირფასი წუთების დამახსოვრებისა და მნიშვნელოვანი დეტალების აღბეჭდვის მისიას ასრულებს DROMORY.

DROMORY საზოგადოებაში პირველად 5 აპრილს, ერთ-ერთი ცნობილი წყვილის ქორწილში გამოჩნდა და არის საქართველოში პირველი სერვისი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს BTS (Behind-The-Scenes) კონტენტ კრეატორის მომსახურებას ქორწილებისა და ღონისძიებებისთვის.

მაკა ბერბიჭაშვილი DROMORY-ს დამფუძნებელია, რომელიც 10 წელზე მეტია ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის სფეროშია და გარდა ამისა, ქმნის კონტენტს სხვადასხვა კომპანიისა და ბრენდისთვის. ის გვიყვება კომპანიის დაფუძნების იდეის, ამჟამინდელი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

საიდან წარმოიქმნა DROMORY-ს შექმნის იდეა?

ჩემთვის ამბების შენახვა ფოტოებისა და ვიდეოების სახით ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ასე ხდებოდა ჯერ კიდევ მაშინაც, როდესაც ტელეფონებს არ ჰქონდათ ხარისხიანი კამერა და Olympus-ის პატარა ციფრული კამერით ვიღებდი ყველაფერს.

მოგონებები ჩემთვის ყველაზე ძვირფასია და გარდა იმისა, რომ კონტენტს ვქმნი კომპანიებისთვის, ცხოვრებისეულ ამბებსაც ყოველთვის ვიდეოების სახით ვინახავ – მოგზაურობებით დაწყებული, უბრალოდ, ბედნიერი დღეებით დამთავრებული, ტელეფონით ვაფიქსირებ და ჩემი ცხოვრების არქივში ვინახავ.

მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობრების ხელის თხოვნა და Bachelorette წვეულება, უბრალოდ, გასართობად გადავიღე, ვიგრძენი, რამხელა ემოციას ატარებდა ეს კადრები, ხოლო შთაბეჭდილები, რომლებიც ამ ვიდეოების მნახველებს ჰქონდათ, ჩემთვის შთაგონებად იქცა.

გადავწყვიტე ჩემი გამოცდილება, ხედვა და განსაკუთრებული სიყვარული ესთეტიკისა და ამბების მიმართ ბრენდის სახით შემეკრა. ასე გაჩნდა DROMORY-ს იდეა და საჭიროება.

რა ახალი გამოცდილება შემოაქვს კომპანიას ბაზარზე, რომელიც ახალი და, ამავდროულად, უნიკალურია?

DROMORY სრულად პასუხობს დღევანდელ სწრაფ ტემპს, ტრენდებსა და მოთხოვნილებებს, რომლებიც ადამიანებსა და ბრენდებს გააჩნიათ.

მომსახურება, რომელსაც ვთავაზობთ დამკვეთს, საკმაოდ ნიშურია: ერთი მხრივ, ქორწილებში შემოდის ახალი როლი, კონტენტ კრეატორის სახით. მეორე მხრივ კი, ბრენდებსა და კომპანიებს ვთავაზობთ ღონისძიებების გადაღებასა და სოციალურ ქსელებზე მორგებულ ვიდეოკონტენტს, რომელიც მოკლე დროში მზადდება გასაზიარებლად.

ბრენდებს ეძლევათ საშუალება, სწრაფად გააზიარონ ღონისძიების შემაჯამებელი ვიდეოები და მოკლე Story-ები, ასევე, დარჩეთ ხარისხიანი, დაუმუშავებელი მასალა, რომელსაც სურვილისამებრ გამოიყენებენ.

ქორწილის შემთხვევაში კი, წყვილებს და სტუმრებს თანაბრად ეძლევათ შესაძლებლობა, სრულად ისიამოვნონ მომენტში ყოფნით, გაერთონ და არ იფიქრონ გადაღებაზე – მეორე დღეს კი კომფორტულად დაათვალიერონ ყველაზე ემოციური, ნამდვილი, მხიარული კადრები, რომელიც ერთ სივრცეშია თავმოყრილი.


რა არის მთავარი ღირებულებები, რაც DROMORY-ს გააჩნია?

პირველ რიგში, DROMORY ორიენტირებულია ბუნებრივ, ნამდვილ მომენტებსა და ემოციებზე, ამავდროულად კი, ითვალისწინებს და ინდივიდუალურად ერგება თითოეული დამკვეთის სურვილს, გემოვნებასა და საჭიროებას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასალა მზადდება სოციალური მედიის არხების სტანდარტებისა და ფორმატების გათვალისწინებით, რაც პირდაპირ მიუთითებს სერვისის სისწრაფესა და მოქნილობაზე.

სრული გადაღებული მასალა 24 საათის განმავლობაში ეგზავნება დამკვეთს, ხოლო დამუშავებული ვიდეოები და reel-ები – 24-72 საათში.

უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია მომსახურებას უწევს დამკვეთებს როგორც საქართველოში, ასევე ევროპის მასშტაბითაც.

რა სერვისებს სთავაზობს კომპანია მომხმარებელს და კონკრეტულად ვინ არის სამიზნე აუდიტორია?


DROMORY-ს კონტენტ კრეატორის მომსახურება მოიცავს ღონისძიების ვიდეოგადაღებას, სრული მასალისა და დამონტაჟებული ვიდეოების მიწოდებას 24-72 საათში.

მომსახურება იყოფა ორი მიმართულებით:
1. ქორწილები (Bachelorette წვეულება, ხელის მოწერის ცერემონია, ჯვრისწერა, ვახშამი, წვეულება);

2. ბრენდებისა და კომპანიების დაორგანიზებული ღონისძიებები (ახალი პროდუქტის/ბრენდის პრეზენტაცია, სამიტი, ფესტივალი, ინფლუენსერ-ვახშამი, ბრენდის ტური, ე.წ. Brand Trip და ა.შ.)

სამიზნე აუდიტორიად მოვიაზრებთ მათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დრო, ხარისხი და ამბის თხრობა ყველაზე ბუნებრივი და ნამდვილი ფორმით.

რა ტექნიკით იღებთ და რა ტიპის ვიდეოკონტენტი იქმნება კონკრეტულ ივენთებზე?

ღონისძიებების გადაღება ხდება მხოლოდ ტელეფონით (iPhone) და დამხმარე საშუალებებით – სტაბილიზატორით, განათებითა და მიკროფონით.

ვიდეოები იქმნება პორტრეტის ფორმატში, რაც მორგებულია ტელეფონის ეკრანებსა და სოციალურ ქსელებს. დღესდღეობით, მომხმარებლების 70-75% კონტენტს უყურებს მობილურის ეკრანზე, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორია.

გაქვთ თუ არა კონკრეტული შეთავაზებები მომხმარებლებთან და რას მოიცავს ისინი?

დამკვეთებს ვთავაზობთ რამდენიმე განსხვავებულ პაკეტს, რომლებიც განსხვავდებიან საათებისა და კონტენტის რაოდენობის მიხედვით, რაც მათ საშუალებას აძლევს, საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე, შეარჩიონ შესაბამისი პაკეტი, რომელიც მათი ინტერესებისა და ბიუჯეტის ფარგლებში ჯდება.

რა გამოწვევების წინაშე დადექით, როდესაც წამოწყების საწყის ფაზაში იყავით?

იქიდან გამომდინარე, რომ ეს მომსახურება საქართველოში პირველად არის გამოტანილი ცალკე სერვისად და იყენებს მხოლოდ ტელეფონს, ჩნდება დამატებითი როლი, პროფესიონალური ფოტო-ვიდეოგრაფის მომსახურების გვერდით. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებამ უნდა დაინახოს მისი საჭიროება, გადახედოს მანამდე არსებულ სტანდარტებს და იყოს მზად, დათანხმდეს სიახლეს, გარისკოს და რაც მთავარია – ენდოს.

ივენთებისა და ღონისძიებების მიმართულებით ეს ახალი არ არის, მაგრამ რაც შეეხება ქორწილებს – აქ ნამდვილად ჩნდებოდა კითხვები. თუმცა რამდენიმე ქორწილში DROMORY-ს გამოჩენამ დაამტკიცა ამ მომსახურების საჭიროება.

მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა, როგორც სფეროში პირველმა, ვიყოთ სიახლის შემომტანები, ტრენდის შემქმნელები და შთავაგონოთ კონტენტ კრეატორები, ვისთვისაც საინტერესო გახდება ეს მიმართულება.

დარწმუნებული ვარ, ბევრი კონტენტ კრეატორი იპოვის თავის თავს ამ მიმართულებაში და გაჰყვება DROMORY-ს კვალს – დააკმაყოფილოს დღევანდელობის საჭიროებები, ან თუნდაც შექმნას რაიმე სრულიად ახალი. სწორედ ეს არის მისია, რომელსაც ვემსახურებით.

რა გაძლევთ ინსპირაციას საქმიანობაში?

პირველ რიგში, ადამიანების ემოციები, რომლებსაც აღვბეჭდავ, ვაკვირდები ყველას და ყველაფერს, ვცდილობ არ გამომეპაროს ის ძალიან პატარა, სათუთი შეგრძნებები, რომელიც თითქოს მიღმა რჩება.

ქორწილების და ბრენდული ღონისძიებების/ივენთების გადაღება საშუალებას მაძლევს, ვისიამოვნო ვიზუალური ესთეტიკით, მასალაზე მუშაობისას კი ვიღებ უდიდეს სიამოვნებას. სწორედ აქ იხარჯება ჩემი ინტელექტუალური და კრეატიული ენერგია, შთაგონება კი შედეგის სახით მიბრუნდება.

ამასთან ერთად, უდიდესი მოტივაციისა და ინსპირაციის წყაროა დამკვეთების უკუკავშირი – მათი კმაყოფილი წერილები, სიხარული და გამართლებული ნდობა.

როგორია DROMORY-ს სამომავლო გეგმები – რისი შეცვლა ან დამატება გსურთ კომპანიისთვის ახლო მომავალში?


DROMORY-ს მისიაა საზოგადოებაში შემოიტანოს სიახლე, გაზარდოს/შეცვალოს ცნობიერება კონტენტის მიმართ, დააფასოს ამბის თხრობის ის ფორმები, რომლებიც უფრო გულწრფელი და ნამდვილია, ამასთან ერთად კი – დააფასოს დრო, რომელიც დღეს ყველას ძალიან ცოტა გვაქვს.

სამომავლო გეგმებში მოვიაზებ DROMORY-ს HUB-ის შექმნას, სადაც გაერთიანდებიან კონტენტ კრეატორები, რომლებსაც სხვადასხვა კომპანია ან წყვილები მარტივად შეარჩევენ და დაჯავშნიან შესაბამისი ღონისძიებებისთვის.

დამწყებ კრეატორებს ექნებათ შესაძლებლობა, სწრაფად და მარტივად მიიღონ ჩემგან ის ცოდნა, რაც მე წლების განმავლობაში დავაგროვე, რადგან ჩემთვის ბიზნესის მიღმა ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მსახურება. სწორედ ამით შევძლებ დავეხმარო ადამიანებს, დაიწყონ ახალი პროფესია, გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აკეთონ საქმე, რომელიც ძალიან ეყვარებათ.

მანამდე კი ერთად გადავაქცევთ ისტორიებს კადრებად, რომლებიც სამუდამოდ დარჩება.