"ჩამოყალიბდით" – პირველი ქართული წიგნი ბრენდინგზე და მისი გზავნილი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
პირველი ქართული წიგნი ბრენდინგზე, სახელწოდებით "ჩამოყალიბდით", 1-ელი ოქტომბრიდან იყიდება. წიგნი წარმოადგენს საკუთარი ბრენდის სტრატეგიაზე მუშაობისთვის აუცილებელ გზამკვლევს, რომელშიც შეგიძლიათ იპოვოთ პრაქტიკული სავარჯიშოებიც დამწყები მეწარმეებისთვის.
წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე თითქმის 15 წელია ბრენდის სტრატეგი და ბრენდინგის კონსულტანტია – კომპანიების დამფუძნებლებსა და მათ გუნდებს განსხვავებულობის მიგნებაში, ბრენდის სტრატეგიის განსაზღვრასა და ადამიანების გონებაში საკუთარი მყარი ადგილის დამკვიდრებაში ეხმარება, ვინაიდან ამ ყველაფრის გარეშე თანამედროვე ბიზნესში გრძელვადიანი წარმატების მიღწევის შანსი მცირეა.
ავტორმა საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ბრენდის სტრატეგიის პირველ ქართულ გზამკვლევში მოუყარა თავი სწორედ იმ ადამიანებისთვის, ვისაც საკუთარი მცირე თუ საშუალო ბიზნესი უკვე აქვს ან მომავალში აპირებს დაწყებას. წიგნის სპეციფიკაზე, მის თავდაპირველ იდეასა და სამომავლო გეგმებზე მწერალს Entrepreneur ესაუბრა.
დაახლოებით როდიდან გაგიჩნდათ ინტერესი წერის მიმართ? მანამდე თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება?
ჩემთვის წერა ყოველთვის იყო საკუთარ თავსა და გარე სამყაროსთან საუბრის ყველაზე კომფორტული საშუალება. საკუთარ აზრებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით სტატიების, ბლოგპოსტებისა თუ სოციალური მედიის სტატუსების დახმარებით დიდი ხანია ადამიანებს ვუზიარებ. უკვე რამდენიმე წელია მაქვს ბრენდინგის ინსტაგრამსკოლაც – shota.about.branding, სადაც ჩემს გამომწერებს ბრენდინგის შესახებ, ჩემი აზრით, საკმაოდ სასარგებლო რჩევებს ვუზიარებ. მართალია, წიგნის დაწერა რამდენიმე წლის წინ ჩავიფიქრე, მაგრამ აქამდე მსგავსი გამოცდილება არ მქონია. ჩემთვის "ჩამოყალიბდით" ისეთივე პირველი მერცხალია, როგორიც ქართული ბიზნესსამყაროსთვის. რთული იყო, ძალიან დიდ დროს მოითხოვდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ შედეგი ამად ღირდა.
რას ეხება თქვენი წიგნი "ჩამოყალიბდით" და რა არის მისი მთავარი სათქმელი?
"ჩამოყალიბდით" არის საკუთარ ბრენდსა და მის სტრატეგიაზე საკუთარი ხელებით სამუშაო გზამკვლევი – სახელმძღვანელო. ის დამწყები მეწარმეების და საკუთარი ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის შეიქმნა ერთადერთი მიზნით: მარადმწვანე, მუდმივი და შემოსავლიანი ბრენდების შექმნაში დახმარებოდა მათ.
"ჩამოყალიბება" საკუთარ ბრენდზე სტრატეგიული ფიქრის მოდელია და ბიზნესსამყაროში მომზადებულად შესვლას ემსახურება. ბრენდის შენება მარათონია, გრძელვადიანი ბრძოლა. ჰოდა, მარათონისა და ბრძოლისა არ იყოს, ამ პროცესში მოუმზადებლად შესვლას თანამედროვე, გლობალიზებული, ინფორმაციითა და ერთნაირი პროდუქტებით გადატენილი ბიზნესსამყარო, უბრალოდ, არ გვპატიობს.
წიგნი ბრენდის სტრატეგიის საბაზისო მოდელის გარშემოა აწყობილი. მკითხველებსა და მეწარმეებს დეტალურად უხსნის ამ სტრატეგიის თითოეული ელემენტის დანიშნულებასა და მნიშვნელობას და იქვე მასზე მუშაობისთვის საჭირო პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც აწვდის მათ.
მოკლედ, ჩათვალეთ, რომ "ჩამოყალიბდით" მისი მკითხველის პირადი ბრენდის სტრატეგი და კონსულტანტია.
როდის და რატომ გადაწყვიტეთ ამ წიგნზე მუშაობის დაწყება – რა იყო მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი?
სტრატეგიის შესახებ წიგნის დაწერა დიდი ხანია მინდოდა. ყველაფერი 2023 წელს დაიწყო, როდესაც გერმანული ფონდის, "შპარკასეს" საქართველოს წარმომადგენლობამ საკუთარი ბენეფიციარებისთვის სასწავლო მასალების შექმნა შემომთავაზა. საუბრის შემდეგ ამ იდეას გაცილებით დიდი მასშტაბები შევძინეთ და სრულფასოვან წიგნად ვაქციეთ. სწორედ გერმანული ფონდის, "შპარკასეს" საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით დავიწყეთ წიგნის შინაარსზე მუშაობა იმავე წელს. პროცესი საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი აღმოჩნდა და წიგნის საბოლოო გაცოცხლებისთვის დაახლოებით 2 წელი დამჭირდა.
2 წლის თავზე, პირველი ქართული წიგნი ბრენდინგზე გამომცემლობა პალიტრა L-მა "ლურჯი ოკეანის" სერიის ფარგლებში გამოსცა.
მთავარი მოტივაცია მაშინაც და ახლაც იგივეა: მსურს მეწარმეებს დავაჯერო, რომ თავად არიან საკუთარი ბრენდის საუკეთესო სტრატეგები და ბიზნესის დაწყებამდე ფიქრის სწორ კალაპოტში მოქცევით შეუძლიათ გაცილებით დიდი და გამძლე ბრენდები ააშენონ.
თქვენი აზრით, რა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მკითხველი თქვენი წიგნის მეშვეობით გაიაზრებს?
ზოგადად, წიგნის ბუნებაა ისეთი, რომ ყველა მკითხველი მასში სხვადასხვა რამეს ხედავს, სხვადასხვას კითხულობს და სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ "ჩამოყალიბდის" მთავარი დანიშნულება მეწარმეების მომარაგებაა ბრენდის სტრატეგიაზე მუშაობისთვის აუცილებელი სტრატეგიული ცოდნითა და ინსტრუმენტებით, მასში იმდენი ცხოვრებისეული, ადგილობრივი თუ საერთაშორისო მაგალითია, დარწმუნებული ვარ, შთაგონების წყაროდაც არანაკლებ დიდ როლს შეასრულებს.
გეგმავთ თუ არა ახალი წიგნის გამოცემას უახლოეს მომავალში და დაახლოებით რა თემატიკაზე ფიქრობთ ამჯერად მუშაობას?
ჩანაფიქრები, რა თქმა უნდა არსებობს, თუმცა "ჩამოყალიბდით" ჯერ ახალია იმისთვის, რომ ყურადღება ახალ წიგნზე გადავიტანო. თავს მწერლად არ მივიჩნევ და არც ბევრი წიგნის გამოცემაა ამ ეტაპზე ჩემი თვითმიზანი. მე, უბრალოდ, მინდა ადამიანებს მუდმივი და სამაგალითო ბრენდების შექმნაში დავეხმარო და ამისთვის ბრენდინგის შესახებ ცოდნის გავრცელებას ნებისმიერი ფორმით აუცილებლად გავაგრძელებ.