ალტე უნივერსიტეტის ლოკალური ჰაკათონის "NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi" გამარჯვებული გუნდი - "Skill Issue" გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

4–5 ოქტომბერს, ზუგდიდში, ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით მსოფლიოს ყველაზე დიდი ჰაკათონი - NASA International Space Apps Challenge 2025 გაიმართა.

გამარჯვებული გუნდის გლობალური წარმატება

ჰაკათონის "NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi" გამარჯვებული გუნდი - "Skill Issue" გახდა, რომელიც გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა! მათი პროექტი "Sateliko", მსოფლიოს მასშტაბით, 11,500-ზე მეტი ინიციატივიდან შეირჩა.

გუნდმა იმუშავა გამოწვევაზე - "Commercializing Low Earth Orbit (LEO)" და შექმნა ინოვაციური პროტოტიპი - "Sateliko". ეს არის დისტანციური ავტომატიზებული სახელოსნო, რომელიც ხელახალი გამოყენების ნანო-თანამგზავრების წარმოების შესაძლებლობას ქმნის. მისი მიზანია, სტუდენტებსა და მეცნიერებს მისცეს შესაძლებლობა, გამოიკვლიონ დაბალი ორბიტა რაკეტის გაშვების საჭიროების გარეშე.

გუნდის Skill Issue წევრები:

  • დავით ტატუნაშვილი
  • ანი ხარზიანი
  • ლაზარე ჩაჩუა
  • გუგა მუჩიაშვილი
  • ალექსანდრე მუჯირი
  • ანტონ სვარიჩევსკი

ჰაკათონის განმავლობაში გუნდს მენტორობას უწევდნენ ალტე უნივერსიტეტის ლექტორები - გიორგი თაყაძე და გიორგი გრიგოლია და იდეის განვითარებისა და პროტოტიპის შედგენის პროცესში ეხმარებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ Space Apps Challenge ყოველწლიურ გლობალურ ინოვაციურ პროექტს წარმოადგენს, რომელსაც აშშ-ის კოსმოსური სააგენტო - NASA უწევს ორგანიზებას. ჰაკათონში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი მონაწილეობს მსოფლიოს 160-ზე მეტი ქვეყნიდან. წლევანდელი ჰაკათონის თემა - "Learn, Launch, Lead!" გახლდათ და მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ინოვაციური იდეები რეალურ გამოწვევებზე მუშაობით ყალიბდება.

ალტე უნივერსიტეტი "Skill Issue"- ულოცავს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და კვლავ აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდებისთვის საინტერესო ინოვაციური პროექტების შეთავაზებას.