ალტე უნივერსიტეტის MedTech ჰაკათონის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით, 6–7 ნოემბერს ორდღიანი MedTech Hackathon, თემაზე -"AI for Care" გაიმართა, რომლის საპრიზო ფონდმა 4500 ლარი შეადგინა.
პროექტი განკუთვნილი იყო X–XII კლასის მოსწავლეებისა და ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, ინტერდისციპლინური თანამშრომლობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად.
ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს რეალურ გამოწვევებზე, შექმნეს პროტოტიპები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და მედიცინისა და IT მიმართულებების გადაკვეთის ახალ შესაძლებლობებს გაეცნენ.
ჰაკათონში თბილისის ხვადასხვა სკოლების X–XII კლასის მოსწავლეებისა და ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. თითოეულ გუნდს ჰყავდა ორი ექსპერტ-სტუდენტი, რომლებიც მოსწავლეებს იდეის განვითარებაში, დახვეწასა და განხორციელებაში დარგობრივი ცოდნითა და პრაქტიკული ჩართულობით ეხმარებოდნენ.
დასკვნით ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, 6 ნოემბერს, მონაწილეებმა ალტე უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრში მედიცინაში არსებული რეალური გამოწვევების დასაძლევად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, საკუთარი პროექტების პროტოტიპები შექმნეს. 7 ნოემბერს კი ფინალური პრეზენტაციები გაიმართა, რომელზეც ხუთმა გუნდმა ჟიურის წინაშე საკუთარი იდეები წარადგინა:
- "მწვანე კოდი" – ვახტანგ სამარჯიშვილი, ალექსანდრე თევზაია, გიორგი კორძაია, ლუკა ადამია;
- Biomarkers – ანამარია დეკანოიძე, ანანო ამბროლაძე, ლიზი კილაძე, გიორგი ოცხელი;
- Lifelink – მიხეილ კაპანაძე, თინათინ მშვილდაძე, თევდორე ონაშვილი, ანტონი ინგოროყვა;
- PillMe – გიორგი ყაველაშვილი, ელენე იზორია, ნიკოლოზ ყიფშიძე, გიორგი კანდელაკი;
- Calmify – მართა შალამბერიძე, ელენე ჯღარკავა, თამარ გოგიძე.
თითოეული გუნდის მიერ პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ, კითხვა-პასუხის სესია გაიმართა. მოსწავლეებმა კომპეტენტური ჟიურის წევრების შეკითხვებს უპასუხეს და მათი შეფასებები მოისმინეს.
ორდღიანი ჰაკათონი გამარჯვებული გუნდების გამოცხადებით და დაჯილდოებით დასრულდა. ჟიურის გადაწყვეტილებით, ღონისძიებაში მონაწილე ხუთი გუნდიდან სამმა - სხვადასხვა პრიზი დაიმსახურა:

"Calmify" ჰაკათონის მხარდამჭერის - 4Hospitals-ის მთავარი რჩეული გახდა და გუნდი 2 000 ლარით დაჯილდოვდა. Calmify ასევე დასახელდა GITA-ს რჩეულად და პროტოტიპის განვითარებაში მიიღებს მხარდაჭერას.
"PillMe" ალტე უნივერსიტეტის რჩეული გახდა და ჯილდოდ 1 000 ლარიანი ფულადი პრიზი და პროფესიული ბანაკის საგზურები მიიღო. ალტე უნივერსიტეტი გუნდს იდეის განვითარებაშიც დაეხმარება. გუნდი 4Hospitals-ის მეორე რჩეულადაც დასახელდა და ჯილდოდ 1 000 ლარი მიიღო.
"მწვანე კოდი" MediMind-ის რჩეულად დასახელდა და 500 ლარით დაჯილდოვდა.

ჰაკათონში მონაწილე გუნდების წევრებსა და სტუდენტ-ექსპერტებს გადაეცათ სერტიფიკატები. Სტუდენტ-ექსპერტებს აღნიშნული აქტივობა პორტფოლიოს ფორმირებაში დაეხმარება, მათ შორის დეკანის გრანტისა და სხვა საუნივერსიტეტო წახალისებების მოსაპოვებლად.
ღონისძიების ბოლოს, გამარჯვებულმა გუნდებმა თავიანთ პროექტებზე და მის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
PillMe-ის გუნდის წევრმა, ელენე იზორიამ, განმარტა აპლიკაციის ფუნქციონალი:
"ჩვენ შევქმენით აპლიკაცია PillMe, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში ეხმარება. პაციენტების 52%-ს ავიწყდება მედიკამენტების დანიშნულ დროზე მიღება, რაც იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: ჯანდაცვის ხარჯების ზრდა, ჯანმრთელობის ხარისხის გაუარესება და ა.შ. ჩვენი აპლიკაცია ადამიანებს ახსენებს მედიკამენტების მიღების დროს. მართალია, მსგავსი ტიპის აპლიკაცია ბევრია, თუმცა რთული დიზაინითაა და ნაკლებად მოსახერხებელია ასაკიანი ადამიანებისთვის. ჩვენს აპლიკაციაში ასევე შეხვდებით AI ასისტენტს, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე რჩევას მოგცემთ. დოქტორ-ასისტენტს შეუძლია საუბარი და ყველანაირი ემოციის გამოხატვა. ზოგიერთი მედიკამენტის მიღება არ შეიძლება, თუ მაგალითად, წნევას ან პულსს არ გაიზომავ. ჩვენი აპლიკაცია კი ამის საშუალებასაც იძლევა".
Calmify-ის გუნდის წევრი, ელენე ჯღარკავა:
"ორი სხვადასხვა პრიზის მფლობელი გავხდით და პირველ რიგში, უდიდესი მადლობა ალტე უნივერსიტეტს, რომ ამის შესაძლებლობა მოგვცა. ჩვენ წარვადგინეთ Calmify Product - იდეა, რომელიც უძილობის პრობლემას ჭრის. გვაქვს სანათი, რომელიც გამოყოფს სამი სხვადასხვა ფერის - წითელ, ლურჯ და ყვითელ ნათებას. ის ეხმარება ტვინს, რომ გამოყოს მელატონინი - ძილის ჰორმონი. ფაქტობრივად, ერთ დღეში შევძელით, რომ პროტოტიპი აგვეწყო და ამასთან ერთად, ვებსაიტი გაგვეკეთებინა. გუნდის წევრებმა როლები თავიდანვე გადავინაწილეთ, ვიმუშავეთ და მივიღეთ საბოლოო პროდუქტი. 2 მილიარდზე მეტია ადამიანი, რომელსაც ძილის პრობლემა აქვს, ჩვენი სანათი კი მათ ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. ძალიან ბედნიერები ვართ და დიდი მოტივაცია გვაქვს, რომ ეს პროდუქცია გაყიდვაში გავიტანოთ".
ჰაკათონის მნიშვნელობაზე ისაუბრა ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანმა, გიორგი გაბისონიამ:
"მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა მედიცინის მომავალზე იფიქრონ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ ტექნოლოგიურ კონტექსტშიც და დაინახონ, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკას, მონიტორინგსა და პაციენტზე ზრუნვის პროცესს."