28 წლის AI მილიარდერი ამბობს, რომ მოზარდებმა "მთელი" დრო ერთი უნარის შესწავლას უნდა დაუთმონ
By Sherin Shibu
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
28 წლის ალექსანდრ ვანგმა, რომელმაც MIT-ში სწავლა მიატოვა და ამჟამად ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე მილიარდერია, აღნიშნა, რომ წინსვლის გასაღები ხელოვნური ინტელექტის კოდის შექმნის ინსტრუმენტების გამოყენების სწავლაა. ის ყველა მოზარდს ურჩევს, რომ მათი გამოყენების მექანიზმები აითვისონ.
თვის დასაწყისში, TBPN პოდკასტის ერთ-ერთ ეპიზოდში, ვანგმა ახალგაზრდებისთვის რჩევები გააზიარა და ხაზი გაუსვა იმ პირობებს, რომ ამჟამად ხელოვნური ინტელექტი დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში კოდირებას თავის თავზე იღებს. მაგალითად, Microsoft-სა და Google-ში 30$-მდე კოდს ხელოვნური ინტელექტი წერს.
ამასობაში, ხელოვნური ინტელექტის კოდირების ინსტრუმენტებმა, როგორიცაა Replit და Cursor, რომლებსაც შეუძლიათ კოდის ბლოკების გენერირება მოთხოვნიდან გამომდინარე, ხელი შეუწყო vibe-coding-ის ზრდას, რაც ხელოვნურ ინტელექტს საშუალებას აძლევს, დაწეროს კოდი მარტივი ინგლისურენოვანი ინსტრუქციების საფუძველზე. არატექნიკურ ადამიანებსაც აქვთ vibe კოდირებული აპლიკაციები და ვებსაიტები. Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმაც კი, ივნისში აღიარა, რომ ხელოვნურ ინტელექტს იყენებდა ვებგვერდის vibe კოდირებისთვის.
ვანგის თქმით, ახალგაზრდებმა "მთელი" მათი დრო vibe-coding-ს უნდა დაუთმონ და ეს ცხოვრების წესად აქციონ.
"თუ დაახლოებით 13 წლის ხარ, შენი მთელი დრო vibe-coding-ს უნდა დაუთმო. სწორედ ასე უნდა იცხოვრო საკუთარი ცხოვრებით", – თქვა მან პოდკასტში.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ მოზარდები "10 000 საათს" დაუთმობენ ხელოვნური ინტელექტის კოდირების ინსტრუმენტების გაცნობას, "ეს უდიდესი უპირატესობა იქნება".
ვანგი 2016 წელს, მას შემდეგ, რაც MIT-ის მეორე კურსიდან სწავლას თავი დაანება, Scale AI-ს თანადამფუძნებელი გახდა, რომელიც მონაცემთა ეტიკეტირების სტარტაპია ხელოვნური ინტელექტის გამოწვრთნისთვის. ის კომპანიას თითქმის ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. Forbes-ის მონაცემებით, სტარტაპის ზრდამ ის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა თვითნაბად მილიარდერად აქცია 2 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებით.
ვანგმა ივნისში გამოაცხადა კომპანიის დატოვებისა და Meta-ში გადასვლის შესახებ, რომელმაც Scale AI-ში 14,3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა სტარტაპში 49%-იანი წილის და ახალი ნიჭის, მათ შორის ვანგის, მოზიდვის სანაცვლოდ. ინვესტიციამ Scale AI-ის შეფასება 14 მილიარდი დოლარიდან 29 მილიარდ დოლარამდე გააორმაგა.
ვანგმა, რომელიც ამჟამად Meta-ს ხელოვნური ინტელექტის ხელმძღვანელია, პოდკასტში განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ კოდის წერის შესაძლებლობა თამაშის წესების შემცვლელი იყო, რამაც მისი "რადიკალიზება" მოახდინა.
"შეუძლებელია არ შეფასდეს ის ხარისხი, რომლითაც ხელოვნური ინტელექტის კოდირებამ ჩემი რადიკალიზება მოახდინა. ვფიქრობ, რომ ფუნდამენტურად ინჟინრის როლი ახლა იმაზე განსხვავებულია, ვიდრე ეს ადრე იყო", – თქვა მან.
ვანგმა იწინასწარმეტყველა, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შეძლებენ მნიშვნელოვანი რაოდენობის კოდის შექმნას, მათ შორის "სიტყვასიტყვით მთელი კოდის", რაც კი მას ოდესმე დაუწერია.
ვანგის შენიშვნები იმეორებს მსოფლიოში ყველაზე ღირებული კომპანიის, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის შენიშვნებს. ჰუანგმა ივნისში განაცხადა, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინმეს ოდესმე კოდირება უსწავლია თუ არა – "არსებობს ახალი პროგრამირების ენა", რომელსაც ბუნებრივი ენა ეწოდება და რომლის გამოყენებაც ხელოვნური ინტელექტის სტიმულირებისთვისაა შესაძლებელი.
თარგმანი: მარიამ ქობალია