როცა ტექნოლოგიები და ადამიანები ერთ მიზანს ემსახურებიან - გიორგი ბაღანაშვილი, საქართველოს ბანკის ტექნიკური მხარდაჭერის ქოუჩი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოლოგიები მუდმივ პროგრესს, სწრაფ ცვლილებებს და ახალ, მომხმარებელზე მორგებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. თითოეული გამოწვევა კი სპეციალისტებისთვის ცოდნის გაუმჯობესებისა და პროფესიული ზრდის სივრცეს ქმნის, რომელშიც ყოველი ამოცანა განვითარების ახალი შესაძლებლობაა.
საქართველოს ბანკის ტექნიკური მხარდაჭერის ქოუჩის, გიორგი ბაღანაშვილის ყოველდღიური საქმიანობა სწორედ ამგვარი დინამიკით ხასიათდება. მისი კარიერული გზა და მოტივაცია კი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სწავლისა და პრობლემების გადაჭრისადმი სიყვარული IT სფეროში წარმატების საფუძველი გახდეს.
როგორ დაიწყო თქვენი კარიერა IT სფეროში და რა იყო მთავარი მოტივაცია?
IT სფეროში ჩემი კარიერა თვითსწავლებისა და პროგრამირების საბაზისო კურსების გავლის შემდეგ დაიწყო, მთავარი მოტივაცია კი სიახლეების გაცნობისა და ათვისების მუდმივი წყურვილი და პრობლემების გადაჭრის სიყვარული იყო. ზოგადად, IT არის სფერო, სადაც ყოველი ახალი გამოწვევა ახალი თავსატეხია, რომლის ამოხსნაც კრეატიულობასა და მუდმივ განვითარებას მოითხოვს. ეს კი მაძლევს შესაძლებლობას, სწავლის პროცესში არასოდეს გავჩერდე.
როდის გახდით საქართველოს ბანკის გუნდის წევრი და რას მოიცავს თქვენი დღევანდელი საქმიანობა?
საქართველოს ბანკის გუნდის წევრი 2019 წელს გავხდი, ეს ჩემს კარიერაში გარდამტეხი ეტაპი იყო, რადგან მომეცა შესაძლებლობა, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიმეღო. პროფესიული განვითარების გზა ამ პოზიციაზე იყო ეტაპობრივი და დატვირთული ისეთი გამოწვევებით, რომლებიც მოითხოვდა სიახლეების სწრაფად ათვისების უნარსა და განვითარებაზე ორიენტაციას.
ტექნიკური მხარდაჭერის ქოუჩის პოზიცია ჩემთვის პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობაა, რომელიც საშუალებას მაძლევს, აქტიურად ჩავერთო ბანკში არსებული ტექნიკური პროცესების გაუმჯობესებასა და ოპტიმიზაციაში. ჩემი მიზანია, გუნდის ცოდნისა და უნარების ამაღლებას შევუწყო ხელი, რათა მათ უფრო სწრაფად და ეფექტურად შეძლონ პრობლემების გადაჭრა. შედეგად, გაუმჯობესებული IT სერვისები თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას, მომხმარებლებს უფრო სწრაფად და ხარისხიანად გაუწიონ მხარდაჭერა, რაც ბანკის მუშაობის ეფექტიანობას ზრდის.
როგორ უზრუნველყოფს IT სერვისების თრაიბი უწყვეტ და ხარისხიან დახმარებას როგორც თანამშრომლებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის?
IT სერვისების თრაიბის გუნდი ფლობს ყველა საჭირო უნარსა და ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ხარისხიანად გადაჭრას პრობლემები და სხვადასხვა IT გუნდთან თანამშრომლობით განავითაროს სერვისები. ასევე, აქტიურად ვნერგავთ AI-ზე დაფუძნებულ Self-Service პორტალს, რომლის დახმარებითაც თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ, მარტივი პრობლემები დამოუკიდებლად,უწყვეტ რეჟიმში გადაჭრან.
როგორ გეხმარებათ საქართველოს ბანკის ორგანიზაციული კულტურა პროფესიულ განვითარებასა და ახალი ცოდნის შეძენაში?
საქართველოს ბანკის ორგანიზაციული კულტურა აქტიურად უჭერს მხარს დასაქმებულთა უწყვეტ განვითარებას და ხელს უწყობს როგორც ახალ თანამშრომლებს, ისე პროფესიონალებს ცოდნის ამაღლებაში. ეს კი გულისხმობს სპეციალისტებისთვის პროფესიული ტრენინგების უწყვეტ რეჟიმში ჩატარებას, ხოლო დამწყებთათვის გამოცდილი თანამშრომლის მენტორობას, რათა მათ უფრო სწრაფად და ეფექტურად შეძლონ ბანკში მიმდინარე პროცესების გაცნობა და ათვისება.
თქვენი აზრით, რა უნარებია აუცილებელი დღეს IT სფეროში წარმატების მისაღწევად?
IT სფეროში წარმატება ტექნიკური უნარებისა და ადამიანური უნარების დაბალანსებულ კომბინაციას მოითხოვს. ასეთი 3 ძირითადი უნარი, რომელიც ბანკში მუშაობისას განვივითარე, შემდეგია:
- პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაჭრა: საბანკო სისტემაში შეფერხება კრიტიკულია, რაც მოითხოვს სტრესულ სიტუაციებში პრიორიტეტებზე ფოკუსირებას და დროული გადაწყვეტილებების მიღებას.
- ჯგუფური მუშაობა და კომუნიკაცია: მრავალფუნქციურ გუნდთან და სხვადასხვა დეპარტამენტთან სწორ კომუნიკაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტექნიკური და ბიზნეს მოთხოვნების გასაგებად.
- პროექტის მენეჯმენტის ძირითადი პრინციპების ცოდნა: ეს მოიცავს სამუშაო პროცესების დაგეგმვას, რესურსების მართვას და დროის ეფექტურ გამოყენებას, რაც ზრდის როგორც პიროვნულ, ისე გუნდურ პროდუქტიულობას.
რას ურჩევდით ახალგაზრდა IT სპეციალისტებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს?
IT სფერო მუდმივად იცვლება, ამიტომ უწყვეტი სწავლა და განვითარება აუცილებელია, რათა ტექნოლოგიურ სიახლეებს არ ჩამორჩეთ და ყოველთვის მზად იყოთ ახალი გამოწვევებისთვის. ისწავლეთ, როგორ ახსნათ პრობლემა და გამოსავალი მარტივად და არა ტექნიკური ენით, რათა მომხმარებელი თქვენთან კომუნიკაციისას თავს კომფორტულად გრძნობდეს.
რა გაძლევთ მოტივაციას, არ გაჩერდეთ?
იმის ცოდნა, რომ უშუალოდ ჩემი გუნდი უზრუნველყოფს ბანკის უწყვეტ სერვისს, რათა რთულმა სისტემებმა შეუფერხებლად იმუშაოს, ჩემთვის დიდი მოტივაციაა. ამასთანავე, მნიშვნელოვანი ფაქტორია პროგრესის დანახვა. კერძოდ, იმის ცოდნა, რომ ჩვენი მუშაობით ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ თანამშრომლების სამუშაო გარემოს და მილიონობით მომხმარებელს ვაძლევთ შესაძლებლობას, მიიღონ მათთვის სასურველი სერვისი სწრაფად და შეუფერხებლად.
ასევე, ჩემთვის დიდი მოტივაციაა ტექნოლოგიური ევოლუცია: IT სფერო მუდმივად იცვლება და ტექნოლოგიებიც ვითარდება, ეს მუდმივი ცვლილება კი ჩემთვის სტიმულია, რომ მუდმივად ვვითარდებოდე და ვიძენდე ახალ ცოდნას.სწორედ ეს პასუხისმგებლობა და პირადი მიზნები მაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდე.