ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი, რომელიც სამეცნიერო მემკვიდრეობასა და ინოვაციას აერთიანებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის – ბაქტერიოფაგის კლინიკის დირექტორი: დავით სტურუა
ფოტო: გიორგი შერვაშიძე
ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის ზრდა მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მედიცინა აქტიურად ეძებს ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლის ალტერნატიულ გზებს. დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება ფაგოთერაპიაა – მეთოდი, რომელიც ბაქტერიოფაგების, იგივე ბუნებრივი "ბაქტერიების მტერი" ვირუსების გამოყენებას ეფუძნება.
ფაგები მხოლოდ პათოგენურ ბაქტერიებს უტევენ და ადამიანის უჯრედებს არ აზიანებენ, რაც მათ უსაფრთხო და შედეგიანი მკურნალობის საშუალებად აქცევს.
მსოფლიო მასშტაბით ფაგოთერაპია კვლავ კვლევის ეტაპზეა, თუმცა საქართველომ ამ სფეროში უნიკალური პოზიცია დაიკავა: სწორედ აქ, უკვე ას წელზე მეტია, მიმდინარეობს ფაგების შესწავლა, წარმოება და კლინიკური გამოყენება. გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი მსოფლიოში წამყვანია ამ სფეროში. აქ უკვე მრავალი წელია იწარმოება ფაგების პრეპარატები, რომლებიც სხვადასხვა ბაქტერიულ ინფექციას ებრძვის. ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის სტრუქტურის ნაწილია კლინიკაც და ის წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრს, სადაც ბაქტერიოფაგების თერაპია ყოველდღიურ სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება.
ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი წარმოადგენს იმ უნიკალური ხედვის გაგრძელებას, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში ცნობილმა ექიმმა და მიკრობიოლოგმა, გიორგი ელიავამ ჩამოაყალიბა. მისი იდეა იყო ფაგებით არა მხოლოდ სამეცნიერო მუშაობის, არამედ პირდაპირი კლინიკური პრაქტიკის განვითარება. ელიავამ მიზნად დაისახა ისეთი სამკურნალო ცენტრის შექმნა, რომელიც ბაქტერიული ინფექციების მქონე პაციენტებს სრულფასოვან დახმარებას გაუწევდა. ეს ხედვა წლების შემდეგ რეალურად ეხმარება პაციენტებს: 2009 წელს, ინსტიტუტის მეცნიერების მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, დაარსდა ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – ბაქტერიოფაგის კლინიკა.
ელიავას ბაქტეროთერაპიის ცენტრის შესახებ Entrepreneur ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის – ბაქტერიოფაგის კლინიკის დირექტორს, დავით სტურუას ესაუბრა:
"დღევანდელ რეალობაში კლინიკა ლიდერის პოზიციებს იკავებს ფაგოთერაპიის მიმართულებით როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვემსახურებით როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხოელ პაციენტებს – მათ შორის არიან პაციენტები, ვისთვისაც ანტიბიოტიკებით მკურნალობა შედეგს აღარ იძლევა. საქართველო გამორჩეულია იმით, რომ ფაგოთერაპიის ტრადიცია აქ უწყვეტად ინახებოდა და ვითარდებოდა მაშინაც კი, როცა დანარჩენ სამყაროში მასზე მუშაობა შეწყდა. სწორედ ამ მემკვიდრეობასა და თანამედროვე მიდგომების ინტეგრირებაზე დაყრდნობით, დღეს ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – ბაქტერიოფაგის კლინიკა წარმოადგენს სივრცეს, სადაც უნიკალური მკურნალობის მეთოდები პაციენტებისთვის რეალურ გამოსავლად იქცა".
დავით სტურუა განმარტავს, რომ ფაგოთერაპიის მეთოდის მთავარი უპირატესობა, ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, არის მაღალი სიზუსტე და უსაფრთხოება: ფაგები მხოლოდ პათოგენურ ბაქტერიებს უტევენ და ადამიანის უჯრედებს არ აზიანებენ. სწორედ ამიტომ, ისინი ეფექტურად გამოიყენება იმ შემთხვევებში, სადაც ტრადიციული ანტიბიოტიკები არ იძლევა შედეგს. უფრო კონკრეტულად, ეს მეთოდი გამოიყენება ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობისას, სადაც წესით ანტიბიოტიკოთერაპიაა საჭირო. მაგალითად: ჩირქოვანი ჭრილობები და კანის ინფექციური დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის პრობლემები – როგორიცაა ცისტიტი, პროსტატიტი, ვულვო-ვაგინიტი; ყელის, ცხვირისა და ყურის დაავადებები, კერძოდ სინუსიტები; სასუნთქი სისტემის დაავადებები – ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ბრონქიტი; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, როგორიცაა ნაწლავის დისფუნქციით მიმდინარე დაავადებები.
"ფაგოთერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ანტიბიოტიკებთან შედარებით არის გვერდითი ეფექტების არარსებობა: მისი ხანგრძლივი გამოყენება ორგანიზმისთვის უსაფრთხოა. ფაგები ჩვენი ეკოსისტემის ბუნებრივი ნაწილია და მათთან მუდმივი კონტაქტი აქვს ორგანიზმს, რაც ასევე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მიკრობიომის დაბალანსებულ ფუნქციონირებას", – ამბობს დავით სტურუა.
დავით სტურუასთვის ფაგოთერაპიის ცენტრის ნაწილად ყოფნა უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობაა. როგორც თავად აღნიშნავს, ეს არის ადგილი, სადაც მრავალწლიანი სამეცნიერო მემკვიდრეობა ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში ცოცხლდება და პაციენტებისთვის რეალურ შედეგებს იძლევა. გუნდი არ მხოლოდ გიორგი ელიავას დაწყებულ საქმეს აგრძელებს, არამედ ქმნის ახალ სტანდარტებს სფეროში, რომელიც კაცობრიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულია – ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
"პირადად ჩემთვის ეს საქმიანობა მხოლოდ პროფესია არაა – ეს მისიაა. უდიდესი სტიმულია იმ გარემოში ყოფნა, რომელიც ყოველდღე საშუალებას გაძლევს, რეალურად შეცვალო ადამიანის სიცოცხლე და უკეთესობისკენ მიმართო. ეს ცენტრი აერთიანებს ისტორიას, ინოვაციას და ადამიანურ ზრუნვას და ამ ყველაფრის ნაწილად ყოფნა ჩემთვის უდიდესი პატივია", – დავით სტურუა.
ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის უნიკალურობა, გარდა ტექნოლოგიური და სამეცნიერო პროგრესისა, მის გუნდშია. ცენტრის წარმატების ძირითადი ბალანსი პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაში იკითხება – ექიმები, ექთნები, მეცნიერები და ადმინისტრაციული პერსონალი ერთიანი სისტემის ნაწილად მუშაობენ, რათა თითოეული პაციენტის მკურნალობა მაქსიმალურად ინდივიდუალური და ეფექტური იყოს.
"ცენტრის მთავარი ძალა გუნდის პროფესიონალიზმში, გამოცდილებასა და უნიკალურობაშია. ჩვენი ექიმები ფაგოთერაპიის სფეროში ათწლეულების განმავლობაში მუშაობენ და ისინი არა მხოლოდ მაღალკვალიფიციური კლინიკური სპეციალისტები არიან, არამედ ფაგების გამოყენების პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ექსპერტები მსოფლიოში. ფაგოთერაპია, როგორც მკურნალობის მეთოდი, მოითხოვს სიღრმისეულ ანალიზს, ინდივიდუალურ მიდგომას და ხშირ შემთხვევაში, ფაგების სპეციფიკურ შერჩევას. ჩვენი სამედიცინო გუნდი ამ პროცესის ყველა ეტაპს დეტალურად იცნობს – მოლეკულურიდან კლინიკურ დონემდე", – განმარტავს ბაქტერიოფაგის კლინიკის დირექტორი.
დავით სტურუა ასევე ხაზს უსვამს ადმინისტრაციული გუნდის როლს:
"ცენტრის წარმატებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ადმინისტრაციულ გუნდს აქვს. ისინი უზრუნველყოფენ სერვისს, რომელსაც საქართველოში და ხშირად საერთაშორისო დონეზეც კი, იშვიათად თუ მოეძებნება ანალოგი. ჩვენი ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს პაციენტებთან სხვადასხვა ქვეყანაში, ახორციელებს ინდივიდუალურ კომუნიკაციას, ორგანიზებას უწევს მკურნალობის პროცესს და სამედიცინო ტურიზმის კომპონენტსაც კი, რათა პაციენტმა თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს".
ცენტრის მუშაობა აერთიანებს გამოცდილ ექიმებს, ექთნებს, მეცნიერებს, ბიოლოგებს, მიკრობიოლოგებს, ტექნიკურ პერსონალსა და ადმინისტრაციას ერთ მთლიან ეკოსისტემად აქცევს. "ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობა – მრავალწლიანი გამოცდილება, ერთგულება და მაღალი ხარისხის სრულყოფილი მომსახურება", – ამბობს დავით სტურუა.
ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრს სამომავლოდ მნიშვნელოვანი გეგმები აქვს როგორც სამედიცინო პრაქტიკის განვითარების, ისე საგანმანათლებლო საქმიანობის მიმართულებით. ცენტრი მიზნად ისახავს ფაგოთერაპიის მეთოდის კიდევ უფრო ინტეგრირებას თანამედროვე სამედიცინო სისტემაში, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ მასშტაბზე.
"ჩვენი მთავარი მიზანი მომავალში ფაგოთერაპიის მეთოდის ფართო ინტეგრირებაა თანამედროვე სამედიცინო სისტემაში. აქტიურად ვმუშაობთ, რათა ფაგოთერაპია გაჩნდეს მკაფიო გაიდლაინებში და მკურნალობის საერთაშორისო პროტოკოლებში, რაც ამ მეთოდს საშუალებას მისცემს, დაიკავოს დამსახურებული ადგილი ანტიბიოტიკრეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს იქნება უდიდესი ნაბიჯი არა მხოლოდ ჩვენი ცენტრისთვის, არამედ მთელი მსოფლიო ჯანდაცვის სისტემისთვის".
სტურუას თქმით, პრიორიტეტი ასევე საზოგადოების და პროფესიული კადრების ცნობიერების ამაღლებაა:
"გვჯერა, რომ ფაგოთერაპიის შესახებ სწორად მიწოდებული ინფორმაცია, იქნება ეს პაციენტებისთვის თუ სამედიცინო პერსონალისთვის, უდიდეს გავლენას მოახდენს ახალი თაობის მკურნალობის ჩამოყალიბებაზე. ვგეგმავთ აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობას: ტრენინგებს, ვორქშოფებსა და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას, რათა საქართველო გახდეს ფაგოთერაპიის განვითარების ჰაბი".
გაფართოება კლინიკური მიმართულებითაც იგეგმება. ამჟამად ცენტრი პაციენტებს ამბულატორიული სერვისით ემსახურება, თუმცა უახლოეს მომავალში დაგეგმილია სტაციონარული განყოფილების გახსნა. ეს ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის გუნდს საშუალებას მისცემს, მიიღოს უფრო რთული შემთხვევები, უზრუნველყოს ინტენსიური მკურნალობა და დანერგოს კიდევ უფრო სრულყოფილი, მულტიდისციპლინური მიდგომები.
გრძელვადიან მიზნებს შორის ერთ-ერთი უპირველესია, ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი გახდეს საერთაშორისო ლიდერი ფაგოთერაპიის პრაქტიკასა და ინოვაციაში, ხოლო საქართველო – ერთ-ერთი მთავარი გლობალური პლატფორმა, სადაც ინოვაცია, მედიცინა და ადამიანზე ზრუნვა ერთიანდება.